Monday, June 20, 2011
გულმოსულობის ჟამს მიჯღაბნილი "Note''-ი
მე - ერთ-ერთი დაწესებულებაში (დაკონკრეტებას აზრი არ აქვს, ყველგან მსგავსი სიტუაციაა)''გასაუბრებაზე: შესვლისას, თითქმის როგორც ყოველთვის, მეგებება დაახლოებით ჩემი ასაკის, გაურკვეველი სტატუსისა და კომპეტენციის გოგონა, ოფისებისთვის ჩვეული ფორმალური ზრდილობითა და შემფასებლური მზერით. წამის მეასედში ასწრებს ჩემს თავიდან ფეხებამდე დათვალიერებას და კაბინეტისკენ მიმითითებს სასაუბროდ.''მე მენეჯერი გახლავართ, კადრების შერჩევაც მე მეხება. მომიყევით თქვენს შესახებ, ვინ ხართ, რას საქმიანობთ?''. ვიწყებ მოსაწყენი და მოკლე ფრაზებით თხრობას და თვითონაც მიკვირს რა უინტერესოდ გამიტარებია ცხოვრების 25 წელი.აგერ ეს ''მენეჯერი'' უკვე თანამდებობაზეა და თავისი პლასტიკური ოპერაციებს ხარჯებს თვითონ ფარავს(მათი კვალი აშკარად სახეზე ატყვია). სანამ მე თეორიულ ცოდნას ვიძენდი და წარმატებული კარიერის გეგმებს ვსახავდი, მისნაირები საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდნენ (უფრო, საჭირო ''ადამიან-ზე'', რადგან საუბრისას მისი გრამატიკული შეცდომებით თუ ვისმჯელებთ , მაინცდამაინც მაღალი ერუდიციის გამო მიღებულ-დაწინაურებული არ უნდა იყოს). მე კი ამ დროს არაპროფილურ სამსახურს ვეძებ,რომ საკუთარი პოსტდიპლომური ''მოღვაწეობა'' დავაფინანსო (შვებას ის ერთადერთი ფაქტი მგვრის,რომ 6 წელი სახელმწიფოს ხარჯზე ვიღებდი განათლებას). ''მენეჯერს'' მაგიდაზე ჩემი CV -ს ამოპრინტერებული ეგზემპლარი უდევს, თუმცა არც მას კითხულობს და არც მე მისმენს, თვალი სულ კომპიუტერის მონიტორისკენ ეპარება,ალბათ რაიმე ''საინტერესო საქმე'' ჰქონდა და შევაწყვეტინე. თხრობას მოვრჩი, პაუზის შემდეგ მეკითხება: რომელიმე უცხო ენა თუ იცითო? -მე ვპასუხობ; -რა დონეზე იცით? - მე ვუხსნი; - რომ გაგიჭირდეთ უცხოელებთან საუბარი, ან ვერ გააგებინოთ? - თუ ეჭვი გეპარებათ, შემამოწმეთ, ვთარგმნი რაიმეს, ან წავიკითხავ როგორც გნებავთ,-გამოვიდე თავი; არა,იყოსო,-მიპასუხა ცივად და განაგრძო შეკითხვების სერია. მეკითხება იმას რასაც წეღან ვუყვებოდი. ორიოდ წუთის შემდეგ უკვე თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო : ''საინტერესოა მაინც, რა დონეზე იცით ეს უცხო ენები..."; მე უკვე გაღიზიანებული ტონით:''იქნებ გამესაუბროთ რომელიმე მათგანზე და დარწმუნდეთ საბოლოოდ,ასე ზეპირად რომ კითხულობთ..." არა,იყოს,- ამჯერადაც ამ ფრაზით შემოფარგლება და საუბარი სხვა თემაზე გადააქვს. გასაუბრების ბოლოს თავის დავთარში რაღაცას ინიშნავს და ისევ იგივეს მიმეორებს:''აი,ეს თქვენი უცხო ენების ცოდნის საკითხი მაინც ვერ გავარკვიე...''. მოთმინების ფიალა მევსება და ვპასუხობ:''ეგებ დასაწყისისთვის ჯერ თქვენ გესწავლათ რომელიმე უცხო ენა, რომ ასე მკითხაობის ნაცვლად კანდიდატები ნორმალურად შეამოწმოთ!'' ვდგები და გავდივარ კაბინეტიდან.''მენეჯერი'' აღშფოთებული სახით ფოიემდე მომდევს და იქვე მდგარ თანაშრომელს ჩემზე ეუბნება: ამისთანა უვიცი ხალხი მოდის, უარს ეტყვი სამსახურში მიღებაზე და მერე კითხულობენ რატომო.საშინელი სურვილი მიპყრობს მივტრიალდე და მთელი მისი ცოდნა-განათლება, ''კომპეტენტურობა'' და გაურკვეველი წარმოშობის აქცენტი მაგარი ''ლ''-თი ერთბაშად დავამხო თავზე,მაგრამ მერე მახსენდება ,რომ აზრი არ აქვს და უხმაუროდ ვტოვებ იქაურობას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment