Monday, June 20, 2011
გულმოსულობის ჟამს მიჯღაბნილი "Note''-ი
მე - ერთ-ერთი დაწესებულებაში (დაკონკრეტებას აზრი არ აქვს, ყველგან მსგავსი სიტუაციაა)''გასაუბრებაზე: შესვლისას, თითქმის როგორც ყოველთვის, მეგებება დაახლოებით ჩემი ასაკის, გაურკვეველი სტატუსისა და კომპეტენციის გოგონა, ოფისებისთვის ჩვეული ფორმალური ზრდილობითა და შემფასებლური მზერით. წამის მეასედში ასწრებს ჩემს თავიდან ფეხებამდე დათვალიერებას და კაბინეტისკენ მიმითითებს სასაუბროდ.''მე მენეჯერი გახლავართ, კადრების შერჩევაც მე მეხება. მომიყევით თქვენს შესახებ, ვინ ხართ, რას საქმიანობთ?''. ვიწყებ მოსაწყენი და მოკლე ფრაზებით თხრობას და თვითონაც მიკვირს რა უინტერესოდ გამიტარებია ცხოვრების 25 წელი.აგერ ეს ''მენეჯერი'' უკვე თანამდებობაზეა და თავისი პლასტიკური ოპერაციებს ხარჯებს თვითონ ფარავს(მათი კვალი აშკარად სახეზე ატყვია). სანამ მე თეორიულ ცოდნას ვიძენდი და წარმატებული კარიერის გეგმებს ვსახავდი, მისნაირები საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდნენ (უფრო, საჭირო ''ადამიან-ზე'', რადგან საუბრისას მისი გრამატიკული შეცდომებით თუ ვისმჯელებთ , მაინცდამაინც მაღალი ერუდიციის გამო მიღებულ-დაწინაურებული არ უნდა იყოს). მე კი ამ დროს არაპროფილურ სამსახურს ვეძებ,რომ საკუთარი პოსტდიპლომური ''მოღვაწეობა'' დავაფინანსო (შვებას ის ერთადერთი ფაქტი მგვრის,რომ 6 წელი სახელმწიფოს ხარჯზე ვიღებდი განათლებას). ''მენეჯერს'' მაგიდაზე ჩემი CV -ს ამოპრინტერებული ეგზემპლარი უდევს, თუმცა არც მას კითხულობს და არც მე მისმენს, თვალი სულ კომპიუტერის მონიტორისკენ ეპარება,ალბათ რაიმე ''საინტერესო საქმე'' ჰქონდა და შევაწყვეტინე. თხრობას მოვრჩი, პაუზის შემდეგ მეკითხება: რომელიმე უცხო ენა თუ იცითო? -მე ვპასუხობ; -რა დონეზე იცით? - მე ვუხსნი; - რომ გაგიჭირდეთ უცხოელებთან საუბარი, ან ვერ გააგებინოთ? - თუ ეჭვი გეპარებათ, შემამოწმეთ, ვთარგმნი რაიმეს, ან წავიკითხავ როგორც გნებავთ,-გამოვიდე თავი; არა,იყოსო,-მიპასუხა ცივად და განაგრძო შეკითხვების სერია. მეკითხება იმას რასაც წეღან ვუყვებოდი. ორიოდ წუთის შემდეგ უკვე თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო : ''საინტერესოა მაინც, რა დონეზე იცით ეს უცხო ენები..."; მე უკვე გაღიზიანებული ტონით:''იქნებ გამესაუბროთ რომელიმე მათგანზე და დარწმუნდეთ საბოლოოდ,ასე ზეპირად რომ კითხულობთ..." არა,იყოს,- ამჯერადაც ამ ფრაზით შემოფარგლება და საუბარი სხვა თემაზე გადააქვს. გასაუბრების ბოლოს თავის დავთარში რაღაცას ინიშნავს და ისევ იგივეს მიმეორებს:''აი,ეს თქვენი უცხო ენების ცოდნის საკითხი მაინც ვერ გავარკვიე...''. მოთმინების ფიალა მევსება და ვპასუხობ:''ეგებ დასაწყისისთვის ჯერ თქვენ გესწავლათ რომელიმე უცხო ენა, რომ ასე მკითხაობის ნაცვლად კანდიდატები ნორმალურად შეამოწმოთ!'' ვდგები და გავდივარ კაბინეტიდან.''მენეჯერი'' აღშფოთებული სახით ფოიემდე მომდევს და იქვე მდგარ თანაშრომელს ჩემზე ეუბნება: ამისთანა უვიცი ხალხი მოდის, უარს ეტყვი სამსახურში მიღებაზე და მერე კითხულობენ რატომო.საშინელი სურვილი მიპყრობს მივტრიალდე და მთელი მისი ცოდნა-განათლება, ''კომპეტენტურობა'' და გაურკვეველი წარმოშობის აქცენტი მაგარი ''ლ''-თი ერთბაშად დავამხო თავზე,მაგრამ მერე მახსენდება ,რომ აზრი არ აქვს და უხმაუროდ ვტოვებ იქაურობას.
Saturday, June 11, 2011
განათლება ქართულად ანუ ერთ ჩემს ძველ ნაცნობს ეძღვნება...
რამდენჯერ დამისვამს ეს კითხვა საკუთარი თავისა და გარშემომყოთათვისაც:''რატომ ვიხდით ფულს მხოლოდ ფორმალური განათლებისა და ჩვენი განსწავლულობის დამადასტურებელი ფარატინა ქაღალდის მისაღებად, როცა შეგვიძლია გაცილებით უფრო ნაკლები თანხა რაიმე ხელობის შესწავლას მოვახმაროთ, როდის უნდა დამთავრდეს ეს ''დედა ენაცვალოს, ჩემი ვისზე რა ნაკლებია, რომ უმაღლესი განათლება არ ჰქონდეს?!'' ეპოქა? ''. ნუთუ მშობელი ვერ უნდა აფასებდეს საკუთარი შვილის შესაძლებლობებს სწორად?... თუ რაიმე ''დამცველობითი რეაქციაა'' და არ სურთ აღიარონ, რომ საამაყო შთამომავალი სწავლა-განათლებისთვის არაა დაბადებული?... როგორც ერთმა ჩემმა ''ძველმა ნაცნობმა'' კარგა ხნის წინ, გულახდილი საუბრისას აღიარა: ''სკოლის დამთავრების შემდეგ, ამ უნივერსიტეტში(უმაღლესის სახელს შეგნებულად არ ვასახელებ) მომიყვანეს და მითხრეს: ფული უკვე გადახდილია, სექტემბრიდან აქ ივლიო.'' ასეთი შემთხვევა რამდენიც გნებავთ იმდენია, მითუმეტეს ადვილად მოსაგვარებელი საქმე გახლდათ ე.წ.''ჩაწყობა მოსაწყობად'' ედიკას დროს, როცა ქრთამის აღების სადავეები უშუალოდ უმაღლესების მმართველობის ხელში იყო და არცთუ ისე სოლიდური თანხის სანაცვლოდ(სავარაუდოდ ეს უკანაკსნელი 500$- 2000$-ის ფარგლებში ვარირებდა,უმაღლესის პრესტიჟულობისდა მიხედვით) ასეთი საამაყო შვილები სტუდენტები ხდებოდნენ. ეს წმინდა ეროვნული თუ პოსტსაბჭოური მოვლენა სახელად ''შვილი მოვაწყე'' გასაოცარი ფენომენია, საკუთარი ყურით მომისმენია ''თავმოყვარე'' დედის მიერ წარმოთქმული ემოციური სიტყვა: '' სახლს გავყიდი და მეზობელ-ნათესავების ჯიბრით მაინც ვასწავლი, დაეთხაროთ ჩემი შვილის დასანახი თვალები, ვისაც ამის მოწყობა არ გაუხარდება!''. განსაკუთრებული სიმძაფრით ამას მაინც პლებეური წარმომავლობის მშობლები ცდილობდნენ ხოლმე: ყიდდნენ სახლს, ნაკვეთებს, ოჯახის შემნახველ მეურნეობას და ქალაქში უშვებდნენ საკუთარ ბარტყებს. ასეთი ნაცოდვილარი სტუდენტობის შემდეგ რა შედეგი მიიღება, ამის ნათელი დასტური ის ადამიანია, რომელსაც ამ პუბლიკაციას ვუძღვნი(მითუმეტეს ვიცი, რომ არ წაიკითხავს, რადგან ის მხოლოდ მობილურის ეკრანზე მესიჯებად მისულ ან სოციალურ ქსელებში მიღებულ გზავნილებს კითხულობს). მასთან და მისთანებთან ურთიერთობის პერიოდმა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დამიგროვა და მსურს ერთად მოვუყარო თავი, მაშ ასე : 1. შეიძლება თუ არა ადამიანმა, უმაღლესი განათლებით, არ იცოდეს მარტივი ქართული სიტყვების მართლწერა და არ იყენებდეს არცერთ სასვენ ნიშანს წინადადებაში(მათ შორის არც წერტილს წინადადების ბოლოს, რომ ის მაინც გაიგო, როდის მორჩა ერთი და დაიწყო მეორე)? ; 2. შეიძლება თუ არა, რომ სკოლის სავალდებულო სახელმძღვანელოების შემდეგ არ გქონდეს წაკითხული არცერთი წიგნი, მათ შორის არც მხატვრული ლიტერატურა? ; 3. შეიძლება თუ არა ერთდროულად არ გეხერხებოდეს არც ჰუმანიტარული და არც ტექნიკური მეცნიერებები? ; 4. შეიძლება თუ არა გარშემომყოფებს აწუხებდე სახვადასხვა უცხო სიტყვის მნიშვნელობის ახსნით და ვერ მოიფიქრო განმარტებითი ლექსიკონის ყიდვა? ; 5. შეიძლება თუ არა თავმოყვარე ქართველი ახალგაზრდა იმას არ განიცდიდეს, რომ IQ სადღაც დებილსა და იმბეცილს შორის აქვს და მხოლოდ იმაზე ღელავდეს ფოტოებზე როგორ გამოიყურება? ; 6. შეიძლება თუ არა ცნობილი ქართველი მწერლის მოთხრობა უავტორო, მობილურით გასავრცელებელი გზავნილი გეგონოს და კითხულობდე აქედან რა აზრის გამოტანა შეიძლებაო? ; 7.რატომ უნდა საუბრობდეს ზრდასრული, ჩამოყალიბებული(ფიზიკური თვალსაზრისით) ადამიანი სკოლის ასაკის თინეიჯერივით, შემოკლებული ფრაზებითა და საგნების დამახინჯებული სახელწოდებებით (ტელ-ი, მობ-ი, ნომ-ი, სიმ-ი კომპ-ი, ოკ-ი,სიხა,გენათალე და ასე უსარულოდ)?. ასეთი პერსონები, როგორც წესი,( ცოდნა ამათ არ აქვთ და ხელობა, ფიზიკურად მაინც რომ იმუშავონ) შემდეგ მშობლების და ოჯახის მიერ ხელისხელით სათრევები ხდებიდან, დაოჯახების შემთხვევაში კი ზრდასრული მამაკაცები მეუღლის ან მეუღლის ოჯახის ხარჯზე მოარსებე ალფონსებად იქცევიან(ჩვენს ქვეყანაში გათხოვილი ქალის ცხოვრება ქმრის ხარჯზე ჯერ მაინც ნორმად ითვლება). თუ ყოველივე ეს მხოლოდ მე მაღიზიანებს, მომიტევეთ, ხოლო თუ ჩემს შეხედულებებს იზიარებთ, მაშინ ნუ გაიმეტებთ საკუთარ შვილებსა და ოჯახის წევრებს ''ფორმალური განათლებისთვის''. როგორც ერთ ქართულ ფილმშია ნათქვამი ''ერთი ხეირიანი დურგალი სჯობია ოც უაზრო ვექილსო''. თუ იმ ადამიანმა, რომლმაც შთამაგონა ეს დამეწერა, რაღაც სასწაულებრივი გზით მოახერხა და წაიკითხა ეს ყველაფერი, თან საკუთარი თავის ამოცნობაც მოახერხა სტატიაში, გაბრაზდა და გვარიანად დამიკურთხა, ესეიგი საბოლოოდ მაინც შესძლებია წაკითხულიდან აზრის გამოტანა და ვულოცავ. ხოლო თუ მან და მისნაირებმა თვითკმაყოფილი სახით განაგრძეს ცხოვრება და ჩათვალეს, რომ მე ერთი ხელმოცარული მჯღაბნელი ვარ, რომელსაც ''ვაი ჭკუისგან'' დამართნია, რას ვიზამთ... იმედია მომავალი თაობა თქვენ არ დაგემგვანებათ, თორემ ცუდ დღეში აღმოვჩნდებით, ხოლო თქვენ კი გისურვებთ გარშემო თქვენზე უარესი ხალხი გყოლოდეთ(თუ უკვე გყავთ, ესეიგი გაგმართლებიათ და ეგ არის), რომ თქვენ მათ ფონზე დიპლომირებული ერუდიტის სტატუსი ამაყად გეტარებინოთ.
Thursday, June 9, 2011
Citizen X: აქა ამბავი სოციალური ქსელებისა და ქართველი ''იუზერ...
Citizen X: აქა ამბავი სოციალური ქსელებისა და ქართველი ''იუზერ...: " ქართველები, რომ მოდას აყოლილი ხალხი ვართ, სიახლე არავისთვის არ უნდა იყოს. სინათლის სიჩქარით ვითვისებთ ხოლმე თანამედროვე მოდის ტენდენცი..."
აქა ამბავი სოციალური ქსელებისა და ქართველი ''იუზერებისა''
ქართველები, რომ მოდას აყოლილი ხალხი ვართ, სიახლე არავისთვის არ უნდა იყოს. სინათლის სიჩქარით ვითვისებთ ხოლმე თანამედროვე მოდის ტენდენციებს, არამხოლოდ სამოსის განხრით, არამედ მსოფლიო ტექნოლოგიური მიღწევებისაც. ასეთივე წარმატებით ავიტაცეთ ცოტაოდენი ხნის წინ სენსორული მობილურები, ე.წ.''ბლექბერები'' და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი მისთანა. ახლა უკვე "თავმოყვარე'' ქართველი მწყემსიც კი აღარ წავა ცხვარში ისე, სმართფოუნი თუ არ წაიღო თან, აბა სხვაგვარად როგორ მოახერხებს მეგობრების ინტერნეტ გვერდზე ''დაპოსტოს'': ''ბიჭებო, ხვალ ამოდით, ჟიპიტაურს ვსვამთო''. მოდას არც სოციალური ქსელების დაპყრობაში ჩამოვრჩენილვართ. სულ რაღაც 2-3 წლის წინ რუსული საიტი "Odnoklassniki'' იყო მოვლენების ეპიცენტრში. რეგისტრირდებოდა უამრავი მომხმარებელი, საიტის გვერდებზე შედიოდა და გამოდიოდა ათასი ჯურის მომხდური. ითხოვდნენ დამატებას, პირადად გაცნობას, დაკომენტარებას, ფოტოების შეფასებას და ა.შ.ვინ იცის რამდენი ოჯახი შეიქმნა და დაინგრა ამ ყბადაღებული ქსელის შემწეობითა და გამოისობით. გამოხდა ხანი, ''Odno-ები''(როგორც მას მოფერებით მადლიერმა ქართველებმა შეარქვეს) დავიწყებას მიეცა და ცუკერბერგის სადიდებელი პერიოდი დაიწყო. ისინი, ვისაც დალოცვილი მშობლიურის გარდა სხვა ენა არ ესმოდათ(თუმცა Facebook-ს ქართული მენიუც გააჩნია), ან კომპიუტერული შესაძლებლობები მხოლოდ ე.წ.Chat -ში მიმოწერის უნარით შემოეფარგლებოდათ, ძველი ქსელის ერთგულები რჩებოდნენ. თუმცა მალევე Facebook-ზე ადაპტირებულმა მასამ ეს უკანაკსნელნი ''გოიმებად'' მონათლა, მათაც მეტი გზა აღარ ჰქონდათ, გუდა-ნაბადი აიკრეს და ''საპირწიგნაკეზე'' გადავიდნენ. თან წაიღეს ფოტოები(ლოგოებითურთ), წაიყვანეს მეგობრები, მეგობრების მეგობრები, საყვარელი ჯგუფები: ''ყველაზე ლამაზები'', ''პოპულარულები'', ''ძერსკები''(ბარბარიზმისთვის მე მომიტევეთ), მოკლედ ურბანიზაციის მომხრეთა და პროვინციული წარსულის მიჩქმალვა-დავიწყების მსურველთა მთელი რიგი გაერთიანებები. მალევე დაიწყეს ფერმების მოშენება, მაღაზიების გახსნა, ქალაქების აყვავება(ვირტუალურად, რა თქმა უნდა), ერთმანეთისთვის ''მიშას'' საყვარელ და საამაყო ადგილებზე(ახლადგახსნილი შადრევნები, ხიდები,პარკები) გადაღებული სურათების გაზიარება. მოიწონეს (დაალაიქეს) ყველაფერი უგემოვნო(ნანუკას შოუდან დაწყებული-საპნის ოპერებით დამთავრებული) და ამჟამადაც ამ საიტზე სუფევენ, სანამ აღმოაჩენენ, რომ ეს უკანასკნელი მათივე დამსახურებით ''გაბანძებულა''.
Subscribe to:
Posts (Atom)