Thursday, June 9, 2011
აქა ამბავი სოციალური ქსელებისა და ქართველი ''იუზერებისა''
ქართველები, რომ მოდას აყოლილი ხალხი ვართ, სიახლე არავისთვის არ უნდა იყოს. სინათლის სიჩქარით ვითვისებთ ხოლმე თანამედროვე მოდის ტენდენციებს, არამხოლოდ სამოსის განხრით, არამედ მსოფლიო ტექნოლოგიური მიღწევებისაც. ასეთივე წარმატებით ავიტაცეთ ცოტაოდენი ხნის წინ სენსორული მობილურები, ე.წ.''ბლექბერები'' და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი მისთანა. ახლა უკვე "თავმოყვარე'' ქართველი მწყემსიც კი აღარ წავა ცხვარში ისე, სმართფოუნი თუ არ წაიღო თან, აბა სხვაგვარად როგორ მოახერხებს მეგობრების ინტერნეტ გვერდზე ''დაპოსტოს'': ''ბიჭებო, ხვალ ამოდით, ჟიპიტაურს ვსვამთო''. მოდას არც სოციალური ქსელების დაპყრობაში ჩამოვრჩენილვართ. სულ რაღაც 2-3 წლის წინ რუსული საიტი "Odnoklassniki'' იყო მოვლენების ეპიცენტრში. რეგისტრირდებოდა უამრავი მომხმარებელი, საიტის გვერდებზე შედიოდა და გამოდიოდა ათასი ჯურის მომხდური. ითხოვდნენ დამატებას, პირადად გაცნობას, დაკომენტარებას, ფოტოების შეფასებას და ა.შ.ვინ იცის რამდენი ოჯახი შეიქმნა და დაინგრა ამ ყბადაღებული ქსელის შემწეობითა და გამოისობით. გამოხდა ხანი, ''Odno-ები''(როგორც მას მოფერებით მადლიერმა ქართველებმა შეარქვეს) დავიწყებას მიეცა და ცუკერბერგის სადიდებელი პერიოდი დაიწყო. ისინი, ვისაც დალოცვილი მშობლიურის გარდა სხვა ენა არ ესმოდათ(თუმცა Facebook-ს ქართული მენიუც გააჩნია), ან კომპიუტერული შესაძლებლობები მხოლოდ ე.წ.Chat -ში მიმოწერის უნარით შემოეფარგლებოდათ, ძველი ქსელის ერთგულები რჩებოდნენ. თუმცა მალევე Facebook-ზე ადაპტირებულმა მასამ ეს უკანაკსნელნი ''გოიმებად'' მონათლა, მათაც მეტი გზა აღარ ჰქონდათ, გუდა-ნაბადი აიკრეს და ''საპირწიგნაკეზე'' გადავიდნენ. თან წაიღეს ფოტოები(ლოგოებითურთ), წაიყვანეს მეგობრები, მეგობრების მეგობრები, საყვარელი ჯგუფები: ''ყველაზე ლამაზები'', ''პოპულარულები'', ''ძერსკები''(ბარბარიზმისთვის მე მომიტევეთ), მოკლედ ურბანიზაციის მომხრეთა და პროვინციული წარსულის მიჩქმალვა-დავიწყების მსურველთა მთელი რიგი გაერთიანებები. მალევე დაიწყეს ფერმების მოშენება, მაღაზიების გახსნა, ქალაქების აყვავება(ვირტუალურად, რა თქმა უნდა), ერთმანეთისთვის ''მიშას'' საყვარელ და საამაყო ადგილებზე(ახლადგახსნილი შადრევნები, ხიდები,პარკები) გადაღებული სურათების გაზიარება. მოიწონეს (დაალაიქეს) ყველაფერი უგემოვნო(ნანუკას შოუდან დაწყებული-საპნის ოპერებით დამთავრებული) და ამჟამადაც ამ საიტზე სუფევენ, სანამ აღმოაჩენენ, რომ ეს უკანასკნელი მათივე დამსახურებით ''გაბანძებულა''.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment