Saturday, June 11, 2011

განათლება ქართულად ანუ ერთ ჩემს ძველ ნაცნობს ეძღვნება...

      რამდენჯერ დამისვამს ეს კითხვა საკუთარი თავისა და გარშემომყოთათვისაც:''რატომ ვიხდით ფულს მხოლოდ ფორმალური განათლებისა და ჩვენი განსწავლულობის დამადასტურებელი ფარატინა ქაღალდის მისაღებად, როცა შეგვიძლია გაცილებით უფრო ნაკლები თანხა რაიმე ხელობის შესწავლას მოვახმაროთ, როდის უნდა დამთავრდეს ეს ''დედა ენაცვალოს, ჩემი ვისზე რა ნაკლებია, რომ უმაღლესი განათლება არ ჰქონდეს?!'' ეპოქა? ''. ნუთუ მშობელი ვერ უნდა აფასებდეს საკუთარი შვილის შესაძლებლობებს სწორად?... თუ რაიმე ''დამცველობითი რეაქციაა'' და არ სურთ აღიარონ, რომ საამაყო შთამომავალი სწავლა-განათლებისთვის არაა დაბადებული?... როგორც ერთმა ჩემმა ''ძველმა ნაცნობმა'' კარგა ხნის წინ, გულახდილი საუბრისას აღიარა: ''სკოლის დამთავრების შემდეგ, ამ უნივერსიტეტში(უმაღლესის სახელს შეგნებულად არ ვასახელებ) მომიყვანეს და მითხრეს: ფული უკვე გადახდილია, სექტემბრიდან აქ ივლიო.'' ასეთი შემთხვევა რამდენიც გნებავთ იმდენია, მითუმეტეს ადვილად მოსაგვარებელი საქმე გახლდათ ე.წ.''ჩაწყობა მოსაწყობად'' ედიკას დროს, როცა ქრთამის აღების სადავეები უშუალოდ უმაღლესების მმართველობის ხელში იყო და არცთუ ისე სოლიდური თანხის სანაცვლოდ(სავარაუდოდ ეს უკანაკსნელი 500$- 2000$-ის ფარგლებში ვარირებდა,უმაღლესის პრესტიჟულობისდა მიხედვით) ასეთი საამაყო შვილები სტუდენტები ხდებოდნენ. ეს წმინდა ეროვნული თუ პოსტსაბჭოური მოვლენა სახელად ''შვილი მოვაწყე'' გასაოცარი ფენომენია, საკუთარი ყურით მომისმენია ''თავმოყვარე'' დედის მიერ წარმოთქმული ემოციური სიტყვა: '' სახლს გავყიდი და მეზობელ-ნათესავების ჯიბრით მაინც ვასწავლი, დაეთხაროთ ჩემი შვილის დასანახი თვალები, ვისაც ამის მოწყობა არ გაუხარდება!''. განსაკუთრებული სიმძაფრით ამას მაინც პლებეური წარმომავლობის მშობლები ცდილობდნენ ხოლმე: ყიდდნენ სახლს, ნაკვეთებს, ოჯახის შემნახველ მეურნეობას და ქალაქში უშვებდნენ საკუთარ ბარტყებს. ასეთი ნაცოდვილარი სტუდენტობის შემდეგ რა შედეგი მიიღება, ამის ნათელი დასტური ის ადამიანია, რომელსაც ამ პუბლიკაციას ვუძღვნი(მითუმეტეს ვიცი, რომ არ წაიკითხავს, რადგან ის მხოლოდ მობილურის ეკრანზე მესიჯებად მისულ ან სოციალურ ქსელებში მიღებულ გზავნილებს კითხულობს). მასთან და მისთანებთან ურთიერთობის პერიოდმა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დამიგროვა და მსურს ერთად მოვუყარო თავი, მაშ ასე : 1. შეიძლება თუ არა ადამიანმა, უმაღლესი განათლებით, არ იცოდეს მარტივი ქართული სიტყვების მართლწერა და არ იყენებდეს არცერთ სასვენ ნიშანს წინადადებაში(მათ შორის არც წერტილს წინადადების ბოლოს, რომ ის მაინც გაიგო, როდის მორჩა ერთი და დაიწყო მეორე)? ; 2. შეიძლება თუ არა, რომ სკოლის სავალდებულო სახელმძღვანელოების შემდეგ არ გქონდეს წაკითხული არცერთი წიგნი, მათ შორის არც მხატვრული ლიტერატურა? ; 3. შეიძლება თუ არა ერთდროულად არ გეხერხებოდეს არც ჰუმანიტარული და არც ტექნიკური მეცნიერებები? ; 4. შეიძლება თუ არა გარშემომყოფებს აწუხებდე სახვადასხვა უცხო სიტყვის მნიშვნელობის ახსნით და ვერ მოიფიქრო განმარტებითი ლექსიკონის ყიდვა? ; 5. შეიძლება თუ არა თავმოყვარე ქართველი  ახალგაზრდა იმას არ განიცდიდეს, რომ  IQ  სადღაც დებილსა და იმბეცილს შორის აქვს და მხოლოდ იმაზე ღელავდეს ფოტოებზე როგორ გამოიყურება? ; 6. შეიძლება თუ არა ცნობილი ქართველი მწერლის მოთხრობა უავტორო, მობილურით გასავრცელებელი გზავნილი გეგონოს და კითხულობდე აქედან რა აზრის გამოტანა შეიძლებაო? ; 7.რატომ უნდა საუბრობდეს ზრდასრული, ჩამოყალიბებული(ფიზიკური თვალსაზრისით) ადამიანი სკოლის ასაკის თინეიჯერივით, შემოკლებული ფრაზებითა და საგნების დამახინჯებული სახელწოდებებით (ტელ-ი, მობ-ი, ნომ-ი, სიმ-ი კომპ-ი, ოკ-ი,სიხა,გენათალე და ასე უსარულოდ)?.  ასეთი პერსონები, როგორც წესი,( ცოდნა ამათ არ აქვთ და ხელობა, ფიზიკურად მაინც რომ იმუშავონ) შემდეგ მშობლების და ოჯახის მიერ ხელისხელით სათრევები ხდებიდან, დაოჯახების შემთხვევაში კი ზრდასრული მამაკაცები მეუღლის ან მეუღლის ოჯახის ხარჯზე მოარსებე ალფონსებად იქცევიან(ჩვენს ქვეყანაში გათხოვილი ქალის ცხოვრება ქმრის ხარჯზე ჯერ მაინც ნორმად ითვლება).  თუ ყოველივე ეს მხოლოდ მე მაღიზიანებს, მომიტევეთ, ხოლო თუ ჩემს შეხედულებებს იზიარებთ, მაშინ ნუ გაიმეტებთ საკუთარ შვილებსა და ოჯახის წევრებს ''ფორმალური განათლებისთვის''. როგორც ერთ ქართულ ფილმშია ნათქვამი ''ერთი ხეირიანი დურგალი სჯობია ოც უაზრო ვექილსო''. თუ იმ ადამიანმა, რომლმაც შთამაგონა ეს დამეწერა, რაღაც სასწაულებრივი გზით მოახერხა და წაიკითხა ეს ყველაფერი, თან საკუთარი თავის ამოცნობაც მოახერხა სტატიაში, გაბრაზდა და გვარიანად დამიკურთხა, ესეიგი საბოლოოდ მაინც შესძლებია წაკითხულიდან აზრის გამოტანა და ვულოცავ. ხოლო თუ მან და მისნაირებმა თვითკმაყოფილი სახით განაგრძეს ცხოვრება და ჩათვალეს, რომ მე ერთი ხელმოცარული მჯღაბნელი ვარ, რომელსაც ''ვაი ჭკუისგან'' დამართნია, რას ვიზამთ... იმედია მომავალი თაობა თქვენ არ დაგემგვანებათ, თორემ ცუდ დღეში აღმოვჩნდებით, ხოლო თქვენ კი გისურვებთ გარშემო თქვენზე უარესი ხალხი გყოლოდეთ(თუ უკვე გყავთ, ესეიგი გაგმართლებიათ და ეგ არის), რომ თქვენ მათ ფონზე დიპლომირებული ერუდიტის სტატუსი ამაყად გეტარებინოთ.

No comments:

Post a Comment